ოპოზიციონერ დეპუტატებს კანონპროექტების წარმოდგენის კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ – რომან გოცირიძე უმრავლესობას

ოპოზიციონერ დეპუტატებს კანონპროექტების განსახილველად წარმოდგენის კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ – უკვე იქამდე მიხვედით, რომ არ გინდათ ჩვენი პროექტების შინაარსი მოქალაქეებმა გაიგონ! – აღნიშნული განცხადებით „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა.

გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ თუკი ოპოზიციის ინიციატივებს არ იზიარებენ, „ჩააგდონ“, მაგრამ განხილვის პროცესს ნუ აფერხებენ.

გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არც ერთ წინა მოწვევის პარლამენტში არ მომხდარა.

„ეს რა პრაქტიკაა, როცა პარლამენტში განსახილველად კანონპროექტები შემოგვაქვს და განხილვასაც არ იწყებთ. ასეთი რამ, რაც ამ პარლამენტში ხდება, რომ კანონპროექტების განხილვის პროცესიც არ იწყება, წინა პარლამენტებში არასდროს მომხდარა. ჩემი არაერთი პროექტი ჩავარდნილა, მაგრამ პატიოსნად გადიოდა ჯერ კომიტეტებზე და შემდეგ პლენარულ სხდომაზე. ის, რაც ამ პარლამენტში ხდება, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.