“ოპოზიციას რაც აწუხებს, არის ის, რომ ნებისმიერი გზით საქართველო უნდა დაზიანდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციას რაც აწუხებს, არის ის, რომ ნებისმიერი გზით საქართველო უნდა დაზიანდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,საქართველო საერთაშორისო სანქციების თავის არიდების ადგილს არ წარმოადგენს და ამას საერთაშორისო აქტორებიც ადასტურებენ, თუმცა, ოპოზიციის დამოკიდებულება არ იცვლება.

“ოპოზიციის ნარატივი არ შეცვლილა იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მისია იყო ჩამოსული, რომელიც სიტუაციას ადგილზე გაეცნო. ამერიკის სენატში იყო მოსმენა და მკაფიოდ დადასტურდა, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზეა და ქვეყანა არც ერთი მიმართულებით საერთაშორისო სანქციების თავის არიდების ადგილს არ წარმოადგენს. ეს არის საქართველოსი, როგორც სანდო პარტნიორის უმაღლესი შეფასება, ამავდროულად, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მაღალი კვალიფიკაციის არიან, ინსტიტუციურად გამართული და მათი თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან მაღალ დონეზეა. ოპოზიციას რაც აწუხებს, არის ის, რომ ნებისმიერი გზით საქართველო უნდა დაზიანდეს. ეს არის სწორედ ქაჯობა და არა – მოქალაქის პროტესტი და ამ ქაჯობას მრავალფეროვანი გამოვლენა აქვს,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.