“ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მყარი ურთიერთობა ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა” – შალვა პაპუაშვილი

 

 

ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მყარი ურთიერთობა ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, -– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული რეზოლუციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერში მიიღო, იყო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება. ასევე, მთავრობის საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიაში ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენდა ჩვენს ამოცანას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ამოცანა იქნა მიღწეული.

ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ახალი როლის გაძლიერებაზე, რომელიც გახლავთ შუა დერეფნის ნაწილი, სწორედ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთს. როდესაც ვსაუბრობთ ტრანსპორტირებაზე სხვადასხვა საქონლისა თუ ა.შ. რა თქმა უნდა, ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი, თუ არა მთავარი, მოთამაშე შუა დერეფნის გამოყენების და დატვირთვის საკითხში გახლავთ უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ის ხალხი, იქნებიან ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ ახლა უკვე ახლად გამოჩეკილი ჩინეთის „ექსპერტები“, რომლებთანაც აქამდე ერთი წუთითაც არ უმუშავიათ და ერთი სტატიაც არ წაუკითხავთ, ახლა ჩინეთზე საუბრობენ. ეს ხალხი თუ ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიულ ურთიერთობას, საერთოდ გამოსაჩენი არ არიან არც პოლიტიკაში და არც საექსპერტო წრეებში. არც ცოდნა ჰყოფნით და არც კომპეტენცია, რომ ამ საკითხზე ისაუბრონ, დგანან ახლა და რაღაც წინადადებებს ეძებენ. ვნახეთ, როგორი იყო ჩვენი მთავრობის მიღება. წლებია, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მყარი ურთიერთობა ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც, რაც დამატებით ღირებულებას მატებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.