“ქართულმა ოცნებამ“ 1%-მდე დაწია ბარიერი და მივიღეთ ფანჩატურის პარტიები- შალვა პაპუაშვილი

სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ. იქნება პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში თუ იმ ფანჩატურში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, ამაში დიდი განსხვავება არ არის. ჩვენ ეს კინო 2020 წელს უკვე ვნახეთ, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ რიგებიდან გასული პოლიტიკოსების შესაძლო გაერთიანების საკითხი.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფულად და მედიარესურსებზე დამოკიდებული ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ფანჩატურს ვერ სცდებიან.

„რასაც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებოდნენ, იმ იმედით, რომ პოლარიზაცია შეიძლება შემცირებულიყო და დაბალი ბარიერით მიგვეღო მეტი პლურალიზმი პარტიაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაწია 1%-მდე ბარიერი. საბოლოოდ, მივიღეთ ფანჩატურის პარტიები, რომელსაც სრულად ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობა“. ქართული პოლიტიკის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ფულადი და მედიარესურსები, ამ რესურსებზე დამოკიდებული ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ფანჩატურს ვერ სცდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, დააბნიონ ამომრჩეველი, თითქოს არის მესამე, მეოთხე თუ მეთხუთმეტე გზა.

„სინამდვილეში, ოპოზიციაში არის ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ გზა და ამ გზაზე არის შემდგარი პარტიების უმეტესობა. ფანჩატურის პარტიებად ჩამოყალიბდნენ ვითომ დამოუკიდებელი პარტიები და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებდნენ, როდესაც გახარიას პარტიამ კოალიცია შეუკრა საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და ჩანს. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება ხედავს. თვალში ნაცრის შეყრაა, თითქოს არიან დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები, სინამდვილეში, ეს ამ რეალობასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავის დროზე „ქართული ოცნება“ დატოვეს, 2024 წლის არჩევნებისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.