რუსეთი ბელარუსში ტერორისტულ თავდასხმას და მასში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს- უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსები ბელარუსში ტერორისტული თავდასხმის სახით პროვოკაციას­ გეგმავენ, რათა ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩაითრიონ.

დაზვერვის ინფორმაციით, მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ტერორისტული თავდასხმის სახით პროვოკაცია იგეგმება, რომელსაც ბელარუსში „ვაგნერელების“ საფარქვეშ გაგზავნილი რუსული სამხედრო და სპეცსამსახურების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ახორციელებს.

“რუსეთის ფედერაცია გეგმავს უკრაინის დადანაშაულებას, რათა კიდევ ერთხელ შეეცადოს მინსკის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ჩათრევას”, – აცხადებენ უწყებაში.

ბელარუსში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წყაროდან მიიღო. მათ შორის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ჩვენებიდან, რომელიც უკრაინელმა დამცველებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით დაატყვევეს.