საქართველოში დღეს გლოვის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას”, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა ასევე დაეშვა საქართველოს პარლამენტის შენობაზე.