“ბოლო წელიწადია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება პინგ-პონგს თამაშობს ერთმანეთში განცხადებებით” – გიორგი ვაშაძე

ბოლო წელიწადია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება პინგ-პონგს თამაშობს განცხადებებით – ასე გამოეხმაურა  მმართველ გუნდში მედვედევის განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” გეგმაა,  საქართველო რუსეთს ჩააბაროს.

მე პირდაპირ გეტყვით, რა გეგმა აქვს “ქართულ ოცნებას”, მათი გეგმაა ჩააბარონ საქართველო რუსეთს. ოღონდ, ეს არ გაუვათ არც ერთ შემთხვევაში! დგამენ ნაბიჯებს, რომ საქართველო წაჰკიდონ დასავლეთს, ევროკავშირს, როგორც ქალბატონმა დეგნანმა თქვა, დაგვაკარგინონ ევროკავშირის წევრობა, ნატოს წევრობა, ამერიკასთან პარტნიორობა და ჩააბარონ ქვეყანა რუსეთს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ ყველა ერთად, ვისაც სჯერა, რომ ძლიერი საქართველოს მექანიზმი არის ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად.

მე ვფიქრობ, ეს არის დაგეგმილი სცენარი, რომელშიც მონაწილეობს ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის დაჯგუფება, რომ ილუზიები დაგვიხატონ მომავალში, გეგონება რუსეთთან ურთიერთობებს ალაგებენ, “მათი პოლიტიკის გამო ცხინვალს არ მიიერთებს რუსეთი” და ათასი რამ შეიძლება მოვისმინოთ. ხომ ვხედავთ ბოლო წელიწადია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება პინგ-პონგს თამაშობს ერთმანეთში განცხადებებით. ყველაფერი ეს არის დაგეგმილი სცენარი, რასაც ისინი ახორციელებენ. აქ ერთი საინტერესო ფაქტია, აფხაზეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის სუბიექტად ქცევა და გაცილებით კატეგორიულები არიან ამაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. ეს არის ყველაზე საგანგაშო, რაც ხდება,“- განაცხადა ვაშაძემ.