“ნებისმიერ საკითხზე ღირსეულ ოპონენტად გამოვალთ ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე და ნებისმიერი სამეცნიერო დებატების დროს, არაფერი გარედან სამართავი არ გვჭირს” – გია ვოლსკი

ნებისმიერ საკითხზე ღირსეულ ოპონენტად გამოვალთ ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე და ნებისმიერი სამეცნიერო დებატების დროს, არაფერი გარედან სამართავი არ გვჭირს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში”, მათ შორის, ლიდერები, სპეციალისტები არაფრით ნაკლებნი არ არიან არც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ გუნდზე.

“დამერწმუნეთ, რომ “ქართულ ოცნებაში”, მათ შორის, ლიდერები, სპეციალისტები არაფრით ნაკლებნი არ არიან არც “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ გუნდზე, რომ ჩვენ გვჭირდებოდეს რაიმე მიმართულებების მიცემა ან მართვა. ნებისმიერ საკითხზე ღირსეულ ოპონენტად გამოვალთ ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე და ნებისმიერი სამეცნიერო დებატების დროს, არაფერი გარედან სამართავი არ გვჭირს. მე არ მიმაჩნია ჩემი თავი ან ჩემი რომელიმე კოლეგა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზე ნაკლებად, გინდა ინტელექტუალურად, გინდა ადამიანურად და გინდა სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით. ასე რომ, გადავხედოთ, ვინ რომელ პარტიას მართავს და მერე გადავწყვიტოთ, სჭირდება თუ არა რომელიმე პარტიას გარედან არაფორმალური მართვა.

“ქართული ოცნების” ნებისმიერი წარმომადგენელი ავიღოთ და შევადაროთ რომელიმე ლიდერს თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, რესურსით, წარსულით და აწმყოთი, მომავლის ხედვით. დაინახავთ, რომ თუ ვინმეს არაფორმალური მართვა ჭირდება, ეს ის ხალხია, ვინც თავს იწონებს იმ ადგილას “ვალინკებით” სიარულით, სადაც, ალბათ, ცოტა სხვა თემებზე უნდა იყოს ლაპარაკი,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.