“ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი” -კელი დეგნანი

ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  მომავალი წლისთვის შედგება სადამკვირვებლო მისია და ყველა აღიარებს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება 2024 წელს.

„აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმუმს გააკეთებს მომდევნო თვეებში. წელიწადზე მეტია დარჩენილი, რათა მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება, ასევე საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების და თანამშრომლების, რათა უმტკივნეულოდ წარიმართოს მომდევნო წლის არჩევნები. ელექტრონული არჩევნები არ არის 100 პროცენტით დამცველი. გვინახავს სხვა ქვეყნებში, სადაც ელექტრონულ არჩევნებს იყენებენ, ჩემი ქვეყნის ჩათვლით. ზოგ ქვეყანაში, გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ არ არის ეს საუკეთესო, მას გარკვეული შეზღუდვები ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ როგორ მუშაობს ეს.

ძალზედ მნიშვნელოვანია, შემდეგი არჩევნები წარიმართოს სირთულეების გარეშე, რათა არ იყოს შეფერხება და ტექნიკური ხარვეზები. ეუთო/ ოდირის ანგარიშს რომ გაეცნოთ, რომელიც 2020/2021 წლის შემდეგ გამოქვეყნდა, სამართლიანი არავის უწოდებია. იყო მთელი რიგი კარგი მოვლენა, რასაც იმ პერიოდშიც ვამბობდით, რომ კარგად ადმინისტრირებული იყო კორონავირუსის დროს. პოზიტიური მოვლენებიც არის, მაგრამ რისი ნახვაც გვსურს არის ის, რომ თითოეული არჩევნები იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე წინა. ბევრი ამომრჩეველი, ვინც საჩივარს წარადგენდა, თვლიდა, რომ პროცესი სათანადოდ არ წარიმართა, არ ჩატარდა სათანადო შესწავლა, გამოძიება, საჩივრების კვლევა. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი თვლიდეს, რომ მათი საჩივარი სრულად არის განხილული. რწმენა უნდა ჰქონდეთ, რომ არჩევნები სამართლიანია. ეუთო და სხვა დამკვირვებლები ეთანხმებიან ამ შეხედულებას. მომავალი წლისთვის შედგება სადამკვირვებლო მისია და ყველა აღიარებს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება 2024 წელს. 2020 წელს, საერთაშორისო ამომრჩევლებმა ვერც კი შეძლეს ჩამოსვლა პანდემიის გამო, ამიტომაც იყო ნაწილობრივ ამდენი კითხვა, ამდენი დავა პროცესის დასასრულს“, – აღნიშნა ელჩმა.