„მთავარი ბარიერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის „ქართული ოცნება“ ” -რომან გოცირიძე

„მთავარი ბარიერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის „ქართული ოცნება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ბარიერი, მაგრამ ისტორიული მომენტიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უხეშად რომ ვთქვათ, არსებობს შანსი, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლებები არიან დროებით, მიდიან და მოდიან, ქვეყნის ინტერესი კი რჩება.

„მთავარი ბარიერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის „ქართული ოცნება“. მათთვის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის განვითარება და ევროკავშირში გაწევრიანება, პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება და ამის გამო არ შეასრულა ბოლომდე რეკომენდაციები. 3 რეკომენდაცია, რომელიც შესრულდა, წვრილმანია. როგორ შეიძლება ვიამაყოთ იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევა შეძლო? 9 სერიოზული რეკომენდაცია არ შესრულდა, ამიტომ ბარიერი ვინ არის, კარგად ვხედავთ. მიუხედავად ამისა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის საქართველომ მიიღოს სტატუსი. ეს არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ხელისუფლების დამსახურებაზე. ეს არის ქვეყნის სამომავლო სტრატეგიული ინტერესი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ შეეცდება ამ ქულების ჩაწერას. „ქართული ოცნება“ რომ ვერ ჩაიწერს, ეს ნათელია, რადგან ის ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ გზას, უკრაინის მტერია და რუსეთის მოკავშირე, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. „ქართული ოცნება“ არის ბარიერი, მაგრამ ისტორიული მომენტიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უხეშად რომ ვთქვათ, არსებობს შანსი, ავანსად მივიღოთ სტატუსი, რადგან ხელისუფლებები არიან დროებით, მიდიან და მოდიან, ქვეყნის ინტერესი კი რჩება, საქვეყნო ინტერესიდან და იმ დიდი ალბათობიდან გამომდინარე, რომ ერთი წლის შემდეგ სხვა ხელისუფლება და კოალიციური მთავრობა იქნება, ყველა რეკომენდაცია იქნება სასწრაფოდ შესრულებული და დავეწევით უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც, ალბათ, გაწევრიანების პროცესში იქნებიან,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.