უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„რუსული ტერაქტების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა”, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ლიმანის მიმართულებით წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ნოვოეგოროვკასა და ბელოგოროვკას რაიონებში, ასევე ბახმუტის მიმართულებით, კლეშჩეევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში.

„ავდიივკას მიმართულებით მტერმა არტილერიიდან და ნაღმტყორცნებიდან შეტევა განახორციელა დონეცკის ოლქის კერამიკის, ორლოვკას, ავდიივკას, პერვომაისკოეს, ნეველსკოეს დასახლებების წინააღმდეგ.მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის მარინკას მიდამოში. მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, პობედას, ანტონოვკას, ნოვომიხაილოვკას, ვოდიანეს დასახლებების საარტილერიო დაბომბვა განახორციელა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

.