“„ქართულ ოცნებას“ არანაირი არგაღიზიანების პოლიტიკა არ აქვს, პირდაპირ რუსული პოლიტიკა აქვს” – პაატა მანჯგალაძე

„ქართულ ოცნებას“ არანაირი არგაღიზიანების პოლიტიკა არ აქვს, პირდაპირ რუსული პოლიტიკა აქვს,  – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც ახლა ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებით, ამას ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც ზურაბიშვილზე თქვა, რომ ფრანგი ქალბატონია, რომელიც ქართულად ვერც საუბრობს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის.

„ქართულ ოცნებას“ არანაირი არგაღიზიანების პოლიტიკა არ აქვს, პირდაპირ რუსული პოლიტიკა აქვს და არაფერ შუაშია შიში და არგაღიზიანება. რაც ახლა ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებით, ამას ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც ზურაბიშვილზე თქვა, რომ ფრანგი ქალბატონია, რომელიც ქართულად ვერც საუბრობს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის. საქართველოს ინტერესებზე წუხს ვითომ მედვედევი და ამ გზავნილს იმეორებს „ქართული ოცნება”. მედვედევს ეს რომ არ ეთქვა, გამოვიდოდა, რომ ვითომ „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მისი არ გაშვება. ლოთმა მედვედევმა „გამოააშკარავა“ რატომ არ უშვებენ ზურაბიშვილს ევროპაში. აქ რომ დადგებიან „ქართული ოცნების” პროპაგანდისტები, განსაკუთრებით მდინარაძე, გვითხრან, რატომ არ უშვებენ ევროპაში, რეკომენდაციები შესრულებულია და ყველაფერი მოგვარებული გვაქვს, თუ მედვედევმა დაგვიბარა და ამიტომ არ უშვებენ?! ერთი ერთში იმეორებენ მედვედევის გზავნილებს, ამიტომ კოლეგებს ვთხოვ, არ მოვატყუოთ ხალხი, რომ რუსეთის არგაღიზიანების და დათმობის პოლიტიკას ეწევა „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ რუსულ პოლიტიკას ეწევა. ხალხმა მთავრობის გვერდზევე შეაფასა ეს გადაწყვეტილება, „დააჰაჰავა“, ასე რომ ვთქვათ და სოციალური მედიის ჟარგონი გამოვიყენოთ, ნახეთ რამდენი „ჰაჰა“ აქვს ადმინისტრაციის გვერდზე ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ „საჰაჰაოდ“ არ გვაქვს საქმე, დიდი შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ და მარტო სოციალურ მედიაში „ჰაჰები“ პროტესტის გამოსახატად არ გამოდგება. შეთქმულება და ღალატია პირდაპირ ქვეყნის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა, განსაკუთრებით მდინარაძემ, მას აქვს პრეტენზიები ქართველობაზე, პირდაპირ გასცეს პასუხი, რა საფრთხეს უქმნიდა ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში მათ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.