„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

სასამართლოს 1-თვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე – დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება [იმპიჩმენტის] საბოლოო კენჭისყრა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარდგინებას უახლოეს დღეებში შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

„პროცედურა ასეთია, თავიდან საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შედის კონსტიტუციური წარდგინება. სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე. ამის შემდეგ, პარლამენტს ორკვირიანი ვადა აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, კენჭისყრაზე 2 კვირის ვადაში უნდა გავიდეს ეს საკითხი. უახლოეს დღეებში შევიტანთ წარდგინებას და დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება საბოლოო კენჭისყრა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.