ეს არის ვითომ პრეზიდენტის უფლებების გაფართოება, მაგრამ სინამდვილეში გზა არსაითკენ – იაგო ხვიჩია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესზე

ნაცვლად შეცდომის აღიარებისა, რომ ზაფხულში ლეგიტიმაციის და კვორუმის გარეშე მიიღეს კანონი, შემოაქვთ ახალი ნორმა, რომლითაც გადაფარავენ მათ მიერ ვითომ მიღებულ კანონს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ვითომ პრეზიდენტის უფლებების გაფართოება, მაგრამ სინამდვილეში გზა არსაითკენ.

„მე ჯერჯერობით ეს პაკეტი არ მინახავს, ამიტომ საბოლოო კომენტარისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეჭვი რისიც მაქვს, ამას გაგიზიარებთ. თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით ცვლილება ამ ზაფხულს იყო შემოტანილი და ზაფხულზევე მიიღეს „ქოცებმა“, სადაც 76-ის ნაცვლად, 73 კაცი ჰყავდათ და ამის მიუხედავად, კანონი მაინც ჩაითვალა მიღებულად. ახლა, როგორც ჩანს, შეაწუხა საერთაშორისო თანამეგობრობამ, თვითონაც გადახედეს ვიდეოჩანაწერებს და მიხვდნენ, რომ წინასაარჩევნოდ, საარჩევნო კანონმდებლობა არალეგიტიმური არ შეიძლება იყოს, ამიტომ ნაცვლად შეცდომის აღიარებისა, რომ ზაფხულში ლეგიტიმაციის და კვორუმის გარეშე მიიღეს კანონი, ამის ნაცვლად შემოაქვთ ახალი ნორმა, რომლითაც გადაფარავენ მათ მიერ ვითომ მიღებულ კანონს, რომელიც თავის დროზე არ იყო მიღებული და იტყვიან, რომ ამას არ გააჩნია ლეგიტიმაციის პრობლემა. შეცდომის აღიარების გარეშე გამოსწორების მცდელობაა. ცვლილებებს რაც შეეხება, 90 ხმა გაუჭირდებათ, 76 – არა და ვინაიდან 76 არ გაუჭირდებათ, ამიტომ ჩაწერეს ნორმა რომ თუ 76 არ მოგროვდა, გადაწყვიტოს პრეზიდენტმა. ვინაიდან ეს ბუნებაში არ მოხდება, ეს არის ვითომ პრეზიდენტის უფლებების გაფართოება, მაგრამ სინამდვილეში გზა არსაითკენ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება – მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.