ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს ერთი მხრივ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე.

„ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა – ერთი მხრივ, შესაძლებლობა გვექნება უკვე საქართველოში დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. მეორე მხრივ არის უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული სიტუაცია და ბორელის ვიზიტი სპეციალური გზავნილია, რომ ევროკავშირისთვის ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს. სწორედ ამ ორი განზომილებით იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული. მას შეხვედრები ექნება ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო წარმომადგენელთან. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს ერთი მხრივ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.