ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული – კახა კალაძე

პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. მსგავსი აქამდე არაფერი ყოფილა, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აშშ-ს მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება.

მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან მიმართებით სანქციების გვერდის ავლისთვის არ იყოს გამოყენებული.

„მოვისმინეთ დღეს განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ სანქციები, რომელიც დაწესებულია რუსეთის, მოქალაქეების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრი ადამიანი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძეს, ის წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა სისტემაში. 9 თუ 10 წელია, ზუსტად არ მახსოვს, არ საქმიანობს საჯარო სამსახურში, დაკავებულია თავისი კერძო საქმიანობით და ბიზნესებით. ვისაც ყველაზე მეტი გავლება აქვს ხელისუფლებაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, -განაცხადა კალაძემ.

აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.