ევროკავშირი პოლონეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს

ევროკომისია პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს მოუწოდებს, კონსტრუქციულობა გამოიჩინონ მას შემდეგ, რაც მათ ცალმხრივად განაცხადეს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ახანგრძლივებენ, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ აკრძალვა მოხსნა.

“ჩვენ ვიცით ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს განცხადებების შესახებ ცალმხრივ ზომებთან დაკავშირებით. ის, რაც ახლა მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყველა ქვეყანა მუშაობდეს კომპრომისის სულისკვეთებით და ჩაერთოს კონსტრუქციულად”, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, ევროკომისიამ 5 ქვეყანაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.