“რა თქმა უნდა, ბევრი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება, თუმცა ძირითად პოლიტიკას და მიმართულებებს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით სწორედ სამინისტრო წარმართავს და ახორციელებს” – გია ვოლსკი

უნდა შეაქო ის, რაც არის გაკეთებული , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „მინისტრის საათის” ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

„კულტურის სფეროზე, სპორტზე და ახალგაზრდობაზე ვსაუბრობთ და ამ შემთხვევაშიც, პარლამენტის შენობაში, ვერ ავცდებოდით პოლიტიკურ დებატებს. დღეს ჩვენ არაერთ თემაზე და მიმართულებაზე ვლაპარაკობთ, რომელიც მინისტრმა თეა წულუკიანმა წარმოადგინა. რომელი მიმართულებაა ისეთი, სადაც ნებისმიერ ჩვენთაგანს პოზიტივი არ შეგხვედრიათ, როდესაც სხვადასხვა რეგიონში ვყოფილვართ. რა თქმა უნდა, ბევრი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება, თუმცა ძირითად პოლიტიკას და მიმართულებებს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით სწორედ სამინისტრო წარმართავს და ახორციელებს.

რაღაც წარმოდგენა გვაქვს ისეთი რომ ამ ადამიანების მიმართ მადლობა არ გვჭირდება, რადგან ვინმემ რამე პირფერობაში არ ჩაგვითვალოს. ასე არ არის, უნდა შეაქო ის რაც არის გაკეთებული. რასაკვირველია, შეიძლება კამათიც იყოს, გარკვეულ თემებზე პოლემიკაში შევიდეთ, მაგრამ ის ტენდენციები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ სამინისტროს და მთავრობის მიერ, ერის და საზოგადოების იდენტობა სწორედ აქ შეგვიძლია დავაზუსტოთ. ხომ უნდა გვაერთიანებდეს რაღაც და ამ გაერთიანების სიმბოლოა დღეს სწორედ კულტურა, ქართული სპორტი და ახალგაზრდულ საკითხებთან დამოკიდებულება. მე წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ თეას და მის გუნდს ამ საქმეში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.