ევროკომისარი ევროკავშირს მოუწოდებს, მოემზადოს ყარაბაღიდან ლტოლვილების სავარაუდო ნაკადისთვის

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა ევროკავშირს მოუწოდა, მოემზადოს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების სავარაუდო ნაკადისთვის.

მის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ათასობით ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, მით უმეტეს, რომ მომავალი ზამთარი, სავარაუდოდ, დამატებით გამოწვევებს შეუქმნის ლტოლვილებს“ , – განაცხადა ლენარჩიჩმა.

ევროკომისიამ ასევე გამოაცხადა მთიანი ყარაბაღისთვის ფინანსური დახმარების 5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ. თანხები მოიცავს 500,000 ევროს გადაუდებელ დახმარებას, რომელიც გამოცხადდა გასულ კვირას და 4,5 მილიონი ევროს ახალ დაფინანსებას ლტოლვილების დასახმარებლად.

კერძოდ, დახმარება გაეწევათ სომხეთში მომუშავე ევროკავშირის სხვადასხვა ჰუმანიტარული პარტნიორების მიერ და მიზნად ისახავს დაახლოებით, 25 ათას ადამიანს.

ევროკავშირი ასევე დახმარებას გაუწევს თვით მთიანი ყარაბაღის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას – დაახლოებით 60 ათას ადამიანს მიეწოდება საკვები, სამედიცინო დახმარება და საცხოვრებელი.