„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ” – თინა ბოკუჩავა

საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს, სწორედ, ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში, – ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ემსახურება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის სამხედრო ოკუპაციის გაძლიერებას. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის მიერ ამ გადაწყვეტილების დაგმობა შეუძლებელია საკმარისი იყოს, თუ ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ, როგორც სახელმწიფომ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისგან დღეს დილამდე თავს ვიკავებდით, რადგან ველოდით საქართველოს მთავრობის რეაქციას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ის ამჟამად იმყოფება, რომ რუსეთის ამ უკიდურესად სახიფათო ნაბიჯის შესახებ მთელი ევროპული საზოგადოებისთვის მიემართა.

„ამიტომაცაა, რომ რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სერგეი ლავროვმა, მარგარიტა სიმონიანმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილი „მისაღები ქცევისთვის“ შეაქეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შემდეგ, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად საუბრობს აფხაზეთის ანექსიის შესახებ. არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია რაიმე ტიპის განცხადება. უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის ფონზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება უკიდურეს შეშფოთებას და კონკრეტულ რეაგირებას უნდა იწვევდეს სახელმწიფოს უწყებების მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ხედავს ოკუპირებული ტერიტორიების განახლებულ მილიტარიზაციის საფრთხეს, რადგან დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და საქართველოს პარტნიორებზე, მათ შორის, შეერთებულ შტატებზე თავდასხმით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის დროებითი საპარლამენტო კომისიაც უმოქმედო გახდა მას შემდეგ, რაც უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.