„ყველა პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით ვაკვირდებოდით აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული” – ირაკლი კობახიძე

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც საჭიროდ ჩაითვალა, ეს არის ხელისუფლების პოზიცია – რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებას, რომ რუსეთთან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს და „ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა იქნება“.

რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, რომ აღნიშნული მოვლენები „მეორე ფრონტის“ გადმოტანის მცდელობაა, კობახიძე ამბობს, რომ „სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში „მეორე ფრონტი“ არ დაუშვას და ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება“.

„ყველა პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით ვაკვირდებოდით აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, ასევე, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში თუ საჯაროდ ნათქვამ განცხადებებსაც და აქედან გამომდინარე გვაქვს საკუთარი დასკვნები, თუ ვის სურს საქართველოში „მეორე ფრონტი“. აქედან გამომდინარე გვქონდა საუბარი „გლობალურ ომის პარტიაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე. თვითონ რადიკალური ოპოზიციის „მესიჯია“, რომ როცა მოესურვება, შემოვა. [რუსეთი]. რატომ არ შემოდის რუსეთი? უნდა და ვერ შემოდის? თუ როგორ არის? ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე გაჭედილი. თუ უნდა, მაშინ რას აკეთებს?“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.