იუსტიციის საბჭოს რა ფუნქცია შევცვალოთ კიდევ? დაწერონ, რა არის მეტი ღიაობა – ირაკლი ქადაგიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე

შთაბეჭდილება მრჩება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა ბლოკირებული უნდა იყოს – ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების ალბათობას 10%-მდე დაიყვანს?! იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რა ფუნქცია შევცვალოთ კიდევ? დაწერონ, რა არის მეტი ღიაობა – ალბათ, ჭერს თუ გადავხდით შენობას! – ასე ეხმაურება ვენეციის კომისიის დასკვნას “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი მოსაზრებით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თაობაზე რეკომენდაცია შესასრულებელია, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი.

„ჩვენ ერთი მოთხოვნა ვიცით, რომელიც ძირითადი მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით. საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და მისი ფუნქციები კონსტიტუციით განსაზღვრული. მთავარი მოთხოვნა გაჟღერებულია არა ვენეციის კომისიის მხრიდან, არამედ ზოგადად – ეს არის ის, რომ იყოს ორმაგი 2/3. მარტივად რომ ავხსნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ 15-კაციანი ორგანოს გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ 15 კაცში სამი იქნება წინააღმდეგი. სამართალი ისეთ ცნებას არ იცნობს, რომ ნებისმიერ საბჭოში გადაწყვეტილება ასეთი კვორუმით მიიღებოდეს. მარტივი კითხვა გვაქვს – ევროპის ან ევროპის გარეთ არსებული ერთი ქვეყანა მაინც დაგვისახელონ, სადაც ანალოგიური რეგულაცია მუშაობს. ასეთ პრაქტიკას და სამართლებრივ ცნებას ვერ ასახელებენ, მაგრამ რატომღაც ასეთი მოთხოვნა მხოლოდ საქართველოს მიმართ არსებობს.

ორმაგ 2/3-ს ვენეციის კომისია პირდაპირ ვერ ასახელებს, რადგან იმდენი კომპეტენცია აქვს, რომ ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციებს ვუყურებთ, სადაც ეს ძირითადი მოთხოვნაა.

ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, ორმაგი 2/3-ის შემოღების გარდა, რა გავაკეთოთ?

როგორ ფორმირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო? – მოსამართლეთა კონფერენცია 15 წევრიდან ცხრას ირჩევს, მეათეა – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ასევე არჩეულია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა მიერ. ოთხი წევრი აირჩევა პარლამენტის მიერ 90-ხმიანი კვორუმით. საბჭოს კიდევ ერთ წევრს პრეზიდენტი ნიშნავს. ფორმირების სხვა როგორი წესი მოვიფიქროთ?! ეს ვინმემ უნდა დაწეროს და გვითხრან, მათ შორის ვენეციის კომისიაში. როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღება საბჭოს მსგავს ორგანოებში ჩვეულებრივი უმრავლესობის ხდება. ჩვენთან კვალიფიციური უმრავლესობით ხდება და მეტი რა ვქნათ?!“, – განაცხადა დეპუტატმა.