არ ვფიქრობ, რომ სტატუსთან დაკავშირებით ორბანი იქნება ყველაზე კარგი შუამავალი ევროკავშირის სახელმწიფოებთან – სალომე სამადაშვილი

არ ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ორბანი იქნება ყველაზე კარგი შუამავალი ჩვენთვის ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან – როგორც რუსეთის მოკავშირე, ის საკმაოდ იზოლირებულია დღეს ევროკავშირში, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში.

“ორბანი არის პუტინის მთავარი და ვიტყოდი, ერთადერთი მოკავშირე ევროკავშირის შიგნით. თქვენ იცით, რომ ორბანი არის ერთადერთი ლიდერი ევროკავშირში, რომელიც დრო და დრო ცდილობს დაბლოკოს უკრაინისთვის დახმარება, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. ძალიან ნიშანდობლივია, რომ რუსული ოცნების ხელისუფლებას ერთადერთი მეგობარი ჰყავს ევროკავშირში და ეს არის მათი საერთო მეგობარი ვლადიმერ პუტინთან და რუსულ მეგობართან.

აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა გადაწყდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რადგან შეუსრულებელია ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც იყო ევროკავშირის მხრიდან. ვენეციის კომისიის დასკვნით დადასტურდა, რომ არანაირი რეფორმა არ გატარებულა. არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ორბანი იქნება ყველაზე კარგი შუამავალი ჩვენთვის ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებთან იმის გათვალისწინებით, რომ ის საკმაოდ იზოლირებულია დღეს ევროკავშირში, როგორც რუსეთის მოკავშირე მთავრობის წარმომადგენელი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.