” “ნაციონალური მოძრაობა” იქამდე მივიდა უკვე, რომ საქართველოში ვეღარ იკრიბებიან და ვეღარ წყვეტენ საკითხებს, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველობაა რადიკალური ოპოზიციის შიგნით და ეს არ იმართება საქართველოდან” – არჩილ თალაკვაძე

მოსაძებნია, რომელიმე რეისით ნოტარიუსიც ხომ არ არის წასული კვიპროსში, ვინაიდან, მიმდინარეობს პარტიის გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილზე და კეზერაშვილის დაჯგუფებაზე , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს პროცესი 2024 წლის არჩევნებში უდავო კრახით დასრულდება.

“ნაციონალური მოძრაობა” იქამდე მივიდა უკვე, რომ საქართველოში ვეღარ იკრიბებიან და ვეღარ წყვეტენ საკითხებს, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველობაა რადიკალური ოპოზიციის შიგნით და ეს არ იმართება საქართველოდან. პროცესში ის ადამიანები არიან ჩართულნი, რომლებიც ან საერთაშორისო ძებნის ქვეშ არიან, ან სხვადასხვა სახელმწიფოს გამოძიება ეხებათ. ალბათ, ადგილიც და დროც ამიტომ შეარჩიეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ “სააკაშვილის მისაღები ცენტრის” გახსნა არის სააკაშვილის გარემოცვის მცდელობა, რომ “პარტიული კრიზისის დროს, როგორმე სააკაშვილი მედიის ზედაპირზე დარჩეს”.

“მისი თანაგუნდელები შეკრებილნი არიან კვიპროსში და მას საბოლოოდ ართმევენ პარტიას, მიდის პარტიის გადაფორმების პროცესი. რა თქმა უნდა, სააკაშვილის გარემოცვას სჭირდება, როგორმე ის მედიის ზედაპირზე დატოვონ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.