“ვიცით აქტორები, რომლებიც დღენიადაგ იმისთვის იბრძვიან, რომ საქართველო რამენაირად დასანქცირდეს და ზიანი მიადგეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

ნატოს ქოლგის ქვეშ და ევროკავშირის ფინანსურ-ეკონომიკური ბალიშის ქვეშ დაცულებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ადვილია, მაგრამ როცა ქვეყანა ოკუპაციის ქვეშაა და ამის გამო კიდევ ბევრი მავნებლობა შეიძლება მოხდეს, ასეთი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის შეფასებით, როცა ქვეყნის რეალური მხარდაჭერა გინდა, ამის ნათელი მაგალითი უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და მისი გზავნილებია.

“ვიცით აქტორები, რომლებიც დღენიადაგ იმისთვის იბრძვიან, რომ საქართველო რამენაირად დასანქცირდეს და ზიანი მიადგეს. სხვათა შორის, თუ ეს ადამიანები ადრე უფრო შეფარულად საუბრობდნენ და მათი გამონათქვამები პირდაპირ ანტიქართულ განცხადებებზე არ მიუთითებდა, დღეს მათ პირდაპირ განაცხადეს საქართველოში გარკვეული პირების დასანქცირების თაობაზე. ის თუ რატომ, რა მიზეზით, ამას არავინ ხსნის – მთავარია, რომ ამით ქვეყნის რეპუტაციას ზიანი მიადგება. პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს – ეს სულ მცირე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გაყინვას და მინუს 10%-იან ვარდნას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია კიდევ უფრო გაიზრდება და ეს იმ პირობებში, როცა საქართველო არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრია“, – განაცხადა დეპუტატმა.