“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა” – ირაკლი ქადაგიშვილი

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა”,- ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის  მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის ავტორი ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციის, მოახდინა დროული რეაგირება და კონსტიტუციის ფუძემდებლური მუხლების მიზანმიმართულად და შეგნებულად დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა. ჩვენ წავიკითხეთ ასევე, სამი მოსამართლის განსხვავებული ხედვა რაშიც მდგომარეობს და ისინი თურმე პოლიტიკურ შიგთავსზე საუბრობენ და არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების ერთმანეთის შეჯერებაზე და დარღვევაზე. კონსტიტუცია დარღვეული იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანა.

სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა დააკისრონ ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის და ის თუ ამ როლს მოირგებდა ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა და ეს სურვილი რომ ჰქონდა მას, ეს თვითონვე გაშიფრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ – ახლა მიყურეთ როგორ პოლიტიკაში ვიქნები ჩართულიო.

ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აზიანეთ ევროკავშირთან დაახლოების გზა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.