ირაკლი კობახიძემ მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, ქვეყანას მიაყენა და ფაქტობრივად, თქვა, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა – გიორგი ბოტკოველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ გუშინ ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში პარლამენტში შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის პრეზიდენტს.

„კობახიძის განცხადებებს არგუმენტს ვერ დავარქმევ. ეს იყო შეურაცხყოფა არა ამ შემთხვევაში ქალბატონის, პრეზიდენტის მიმართ, ის, რაც ჩვენ ვნახეთ კობახიძის მხრიდან ეს არის უზრდელობა და შეურაცხყოფა, მან მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, ქვეყანას მიაყენა და ფაქტობრივად, თქვა, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, არსებობს ერთი დაჯგუფება, რომელიც მიზანმიმართულად უკარგავს ქვეყანას ავტორიტეტს, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აქ მთავარი არ იყო გადააყენებდნენ თუ არა ზურაბიშვილს, ინტერესი იყო დაეზიანებინათ ქვეყანა და შეელახათ მისი ავტორიტეტი.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩემი შეფასება იქნება ის, რომ მან კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს იმასთან ერთად, რომ შეხვედრებს გამართავს პარტნიორებთან. მას არ უხსენებია ივანიშვილი და არ უხსენებია ბევრი რამ. სალომე ზურაბიშვილი თუ რეალურად დამოუკიდებელი ფიგურაა, კარგად უნდა ათვითცნობიერებდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას. როცა ამბობს, რომ არ ენდობა სასამართლო სისტემას, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დანიშნული ჰყავს მოსამართლეები, მაშინ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ სასამართლოს მიერ უკანონო პოლიტიკური გადაწყვეტილებით რუსული ხელისუფლების პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს თავის დისკრეციული უფლებით. მე სალომე ზურაბიშვილის  მიმართ ჩემს პოზიციას არასდროს შევიცვლი, ის არ აურჩევია ქართველი ხალხის უმრავლესობას და აღიარებით ჩვენებას ვისმენდით უმრავლესობისგან გუშინ, რომ ძალით გაიყვანეს სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად გაყალბებით, მაგრამ შემდგარი ფაქტია, რომ ის ამ შემთხვევაში საუბრობს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან და ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც ვიაზრებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებს“, – განაცხადა ბოტკოველმა.