კანონი უზენაესია, ქრისტეს ტაძარი ჩვენს გულშია, დროა, ქვეყანამ იცხოვროს ერთი კანონით!

მამუკა ხაზარაძე

“ლელო”

“მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება, ჩვენი ღრმა რწმენით, არ შეესაბამება ჯანდაცვის სისტემის მიერ კორონავირუსთან ბრძოლისათვის შემუშავებულ სტრატეგიას და სტანდარტებს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ წესრიგს, ვერ თავსდება საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოებში და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო თანხმობას და თანასწორობას.

სამწუხაროდ, დღეს ისევ არ ჩანს სახელმწიფოს როლი. ხელისუფლება ისევ ათამაშებს ბურთს სხვის მოედანზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადაბარებას ცდილობს. დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საჯარო ინსტიტუტების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მოქალაქეების მიტოვება რთული სამოქალაქო, სამართლებრივი და აღმსარებლობითი საკითხების გადაწყვეტისას.

მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გამოხატოს საკუთარი მკაფიო პოზიცია, დაასრულოს ბუნდოვანება და გაურკვევლობა, ქვეყნის ორმაგი სტანდარტით მართვა, აიღოს პასუხისმგებლობა კანონის განუხრელ და საყოველთაო დაცვაზე. სახელმწიფო ვალდებულია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა არ დააყენოს საფრთხის ქვეშ, რადგან პანდემია ეხება ყველას და კანონს უნდა იცავდეს ყველა.

დროა, ქვეყანამ იცხოვროს ერთი კანონით!

აქვე მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის იდგა ადამიანების სულიერი და ფიზიკური სიმართლის სადარაჯოზე, პატივი სცეს კანონს და შეასრულოს აკრძალვა, რომლის მიზანი ჩვენი მცირერიცხოვანი ერის გადარჩენაა და არა რწმენის შეზღუდვა, მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ, რათა საკუთარი სახლებიდან ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის.

მივესალმები იმ სასულიერო პირთა პოზიციას, ვინც განაცხადა, რომ სახლში დარჩენა არის პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი ზომა და სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება მრევლის გარეშე.

კანონი უზენაესია. ქრისტეს ტაძარი ჩვენს გულშია. გილოცავთ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!” – ნათქვამია განცხადებაში.