თავდაცვის სამინისტროს საგანგებო განცხადება

თავდაცვის სამინისტროს საგანგებო განცხადება

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის.

სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი.
რაც შეეხება ხორცის მოწოდების ძველ ფაქტებს, თავდაცვის სამინისტრომ ხორცი ექსპერტიზაზე სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადააგზავნა, რომლის დასკვნაც გასულ კვირას იქნა მიღებული. დასკვნის შესაბამისად, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უმკაცრეს ზომებს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა. კონსოლიდირებული ტენდერი აღნიშნული პირობებით მოქმედებს 2019 წლის ბოლომდე. მომავალში თავდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქონლის ხორცით მომარაგების სტანდარტებს. 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაძლიერებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.