Facebook-ის მიერ ქართული გვერდების დაბლოკვის შემდეგ „პანდა“ განცხადებას ავრცელებს

სარეკლამო კომპანია “პანდა”, რომელთან დაკავშირებული გვერდებიც Facebook-მა რამდენიმე დღის წინ წაშალა, განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თქმით, ისინი სოციალურ ქსელში დიდ რესურსებს ფლობენ, რომელსაც აქირავებენ, თუმცა მედიაში ინფორმაცია “არასწორი ინტერპრეტაციით” გავრცელდა.

“პანდას” განცხადებით, მათი რესურსით დაინტერესებული იყვნენ ტელეკომპანიები “ფორმულა” და “მთავარი არხი”, თუმცა ამ ტელევიზიებმა “პანდას” განცხადებით, კომპანიის “რესურსები სათავისოდ ვერ გამოიყენეს”. მათი განცხადებით, შემოთავაზებები ჰქონიათ პოლიტიკური ჯგუფებისგანაც.

“პანდას” განცხადებით, მედიაში ინფორმაცია გადაუმოწმებლად გავრცელდა, მათი თქმით, Facebook-ს არ დაუდასტურებია “პანდას” ოფიციალურ გვერდსა და სხვა გვერდებს შორის კავშირი

“ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი რომ დამნაშავე ხარ.

უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენსა და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებებისგან, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს, არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებებია, რისიც გვწამს. ჩვენ გვქონია შემოთავაზება “მთავარი არხისგან” და “ფორმულა კრეატივისგან”. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება. ორი დღეა ჩვენზე პროპაგანდისტული შტურმი მოაწყვეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან, მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა.

ცრუ ლიბერალები, რომლებსაც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ პანდას დამარხვას. რომ არა ჩვენი მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს შემთხვევა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულების ადამიანებისთვის, გაუგებარია, როგორ შეიძლება პირველწყაროსგან, ამ შემთხვევაში Facebook-ისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანს ცილი, როდესაც თავად Facebook-ს არ დაუდასტურებია პანდას ოფიციალურ გვერდს და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი”, – აცხადებს კომპანია “პანდა”.