” აქ რომ იგინებიან და ქვებს ისვრიან, დეპუტატებს რომ თავს ესხმოდით ტურებივით, 20 კაცი რომ ერთ ადამიანს დაესხით თავს, გუბაზ სანიკიძეს, ვინმე დაისაჯა?” – რომან გოცირიძე

“აქ რომ იგინებიან და ქვებს ისვრიან, დეპუტატებს რომ თავს ესხმოდით ტურებივით, 20 კაცი რომ ერთ ადამიანს დაესხით თავს, გუბაზ სანიკიძეს, ვინმე დაისაჯა?”,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

„ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართლიანობის პრინციპი, არ არსებობს სასამართლო. დღეს არსებული ნორმის მიხედვითაც კი უამრავი დეპუტატი უნდა იყოს სხვადასხვა ფორმით დასჯილი, ზოგიერთი ხულიგნობისთვისაც. აქ რომ იგინებიან და ქვებს ისვრიან, დეპუტატებს რომ თავს ესხმოდით ტურებივით, 20 კაცი რომ ერთ ადამიანს დაესხით თავს, გუბაზ სანიკიძეს, ვინმე დაისაჯა?

სიტყვისთვის კი არა, ფიზიკური ზემოქმედების გამოც არავინ ისჯება. ამაშია მთელი უბედურება. ერთ შემთხვევაში, სიტყვა, თუ ამას კრიტიკული ტელევიზია ამბობს, შეიძლება უხამსობად ჩაითვალოს, ხოლო თუ პროპაგანდისტული სამთავრობო არხები ამბობენ, შეიძლება პოლიტიკურ ტერმინად ჩათვალოთ.

ითქვა, რომ პრეზიდენტი არის „კოჭლი იხვი“. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი ან თქვენი სულიერი ლიდერი, კოჭლი ინდაურის წიპიაა, ეს სიძულვილის ენა იქნება, თუ არა? იტყვით, რომ ეს პოლიტიკური ტერმინია და ამერიკაში ასე გამოიყენება. ამერიკაში ვიღაცამ ასე თქვა, მე კი ახლა ვამბობ, რომ თქვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები არიან კოჭლი ინდაურის წიპიები. თქვენ ამის გამო ტელევიზიას უჩივლებთ მარეგულირებელში და დააჯარიმებთ, ხოლო თქვენი ნათქვამი პოლიტიკურ ტერმინად იქნება გასაღებული. როდესაც ერთი და იმავე საზომით განსჯა არ არსებობს, ასეთ სახელმწიფოში ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის, რეპრესიების და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი ხდება, ამიტომ ეს კანონპროექტი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას“,– განაცხადა რომან გოცირიძემ.