“ჩვენ ვნახეთ, რომ 10 მიმართულებით იქნა იდენტიფიცირებული, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი, მათ შორის, 3 შემთხვევაში ითქვა, რომ აღარაფერი აქ გასაკეთებელი აღარ არის” – მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ 12 რეკომენდაციასთან მიმართებით ვერ მოინახება ვერც ერთი საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს ნაბიჯის გადადგმის საჭიროება და ხელისუფლება თავს იკავებს.

“დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, მარტო ხელისუფლება ვერ შეძლებს სერიოზული წარმატების მიღწევას სამწუხაროდ, რადგან ეს რეკომენდაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის ხასიათს არეგულირებს, როგორც შეიძლება იქ ერთ – ერთი მონაწილე ამის მოწინააღმდეგე იყოს და ერთს მოეთხოვებოდეს პასუხი, ამიტომ, გასაგებია, რომ ამას ვერ შევასრულებთ, მაგრამ ქვეყნის სამართლებრივი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ კეთილსინდისიერი ოპოზიციის არსებობის პირობებში მიღწევადია დეპოლარიზაცია, ეს მგონი, თვალსაჩინოა და გასაგები ყველასთვის. რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, თითოეულ მათგანთან დაკავშირებით შემიძლია შევიდე კამათში და ვიმსჯელო, რა შეიძლება იყოს დაკლებული, რომ რეკომენდაცია სრულად შესრულებულად ჩავთვალოთ, იქნება ეს სასამართლოს რეფორმა, დეოლიგარქიზაცია თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ ვნახეთ, რომ 10 მიმართულებით იქნა იდენტიფიცირებული, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი, მათ შორის, 3 შემთხვევაში ითქვა, რომ აღარაფერი აქ გასაკეთებელი აღარ არის. დანარჩენ 7- ზე ითქვა, რომ არის პროგრესი, თუმცა, იყო შეხედულება, რომ შეიძლება აქ დამატებით ნაბიჯების გადადგმა, ეს ნაბიჯებიც ვნახეთ. ხელისუფლებამ გეგმა შესთავაზა საზოგადოებას, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებს, რომლითაც ყველა ამ საკითხზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, ახლა მაპატიეთ, თუ ვინმე თვლის, რომ ვიდრე (იუსტიციის საბჭოში) ორმაგი 2/3 არ იქნება საქართველოში შემოტანილი, რომელიც კატასტროფის ტოლფასია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, ამას ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ორმაგი 2/3- ის ინსტრუმენტი არ მუშაობს არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში და ეს თუ წინაპირობაა ევროპელობისთვის, მაშინ ევროპასაც უნდა ჰქონდეს და ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს. ვერ მონახავთ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს ნაბიჯის გადადგმის საჭიროება და თავს იკავებს ხელისუფლება, უბრალოდ, არის მოარული მოსაზრებები და ინიციატივები, რომლის გაზიარებაც შემიძლია ავხსნა რატომ არ შეიძლება,”– განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.