„აშშ-ის ძალებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს” – ლოიდ ოსტინი

ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ, -ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა და აშშ გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ მისი ძალების წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება.

„აშშ-ის ძალებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. თუ ირანის მარიონეტების მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.