“თუ საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას შევადარებდით, არ არსებობს სფერო, სადაც საქართველო არ იყო და არ რჩება ლიდერად” – შალვა პაპუაშვილი
მინდა, რომ ევროკომისიას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მათთან ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შარშან დაშვებული შეცდომა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, ამიტომ მოლოდინი პოზიტიურია.
,,მათთან ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ და ჩვენ ამის საპასუხოდ კეთილსინდისიერად გავიტანეთ გარკვეული ცვლილებები, მივიღეთ სხვადასხვა სახის აქტები. ვფიქრობ, რომ ეს ევროკომისიის შეფასებაში შესაბამისად აისახება. რაც შეეხება, დეკემბერში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, ვფიქრობ, რომ ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა, შარშან, თუ რამხელა შეცდომა და უსამართლობა დაუშვა ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი დაჩაგრა. ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, როდესაც დამსახურების პრინციპებისგან გადახვევა ხდება. თუ ვინმე შარშან კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, ეს უპირველეს ყოვლისა, საქართველო იყო საკუთარი მიღწევებით – აბსოლუტურად ყველა სფეროში. თუ საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას შევადარებდით, არ არსებობს სფერო, სადაც საქართველო არ იყო და არ რჩება ლიდერად. შარშან, ლიდერი ქვეყანა უსამართლოდ დაიჩაგრა. რა თქმა უნდა, ეს იყო ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. იმ შეხვედრებიდან, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა დედაქალაქში მქონდა, დარწმუნებული დავრჩი და ვიცი, რომ ეს შეცდომა ბევრმა გაიაზრა. იმედი მაქვს, რომ ამ ჯერზე, 27 ქვეყანას შორის საქართველოს ნამდვილი მეგობრების სიტყვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე იმ ჯგუფების, ვინც შეიძლება დღემდე მიხეილ სააკაშვილთან მათი განსაკუთრებული კავშირების გამომდინარე ცდილობენ, რომ ეს პროცესი ჩაშალონ. ” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.