„აშკარაა, რომ ეს აზრი თავში თიბილოვს არ მოსვლია“

ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ საქმე მორიგ პროვოკაციასთან გვაქვს და საერთაშორისო თვალსაზრისით არანაირი ამ ე.წ. რეფერენდუმს დადებითი შედეგი არ ექნება.

მისივე თქმით, „აშკარაა, რომ ეს აზრი თავში თიბილოვს არ მოსვლია“. დეპუტატი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას და ამბობს, რომ „ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და ადამიანურ, კულტურულ და ელემენტარული ურთიერთობის დონეზე, რაც შეიძლება მეტი დადებითი იმპულსი გაჩნდეს“.

-„უნდათ თავი გამოიჩინონ. გარკვეულწილად ახალი პროვოკაციული მომენტიც დევს 9 აპრილს დაგეგმილ პლებისციტში. ჩვენ ამას ყველგან დავაფიქსირებთ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება იმ პირობებში, როდესაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია მკვიდრი ქართველი მოსახლეობა და ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, არის უკანონო და ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. „ალანია, თავისთავად, ცუდი სახელი არ არის, მაგრამ სრულ გაურკვევლობაში ჩავარდებიან და ეს უნდა ესმოდეთ. ამიტომ არასწორია ნაბიჯი, რის გადადგმასაც თიბილოვი და მისი თანამოაზრეები გეგმავენ. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ბერკეტი არ გავქვს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს ვერ შევაჩერებთ.

თუ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას ვერ ვახერხებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანური და კულტურული ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების დიდი ძალისხმევით და აქტიური მუშაობით. ეს ჩემი პირადი აზრია და ვფიქრობ, ამას მცდელობა არ უნდა დავაკლოთ. პარლამენტშიც გარკვეული მუშაობაა ამ მხრივ საჭირო. ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მუშაობა, ამ მხრივ, არასაკმარისია“ – აცხადებს ქანთარია.

უკვე ცნობილია, რომ  უახლოეს მომავალში დეპუტატი გეგმავს პარლამენტის წინაშე დასვას საკითხი, რათა გარკვეული ძალისხმევა განვითარდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის კუთხით.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს – 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება