მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, პოლემიკას, მაქსიმალურ ჩართულობას…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს:

-„მინდა, წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება ძალიან თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება დიდი ფუნქცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოში არსებობდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო. ასევე გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს, მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას, იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. გვაქვს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის საფასურს“

კომენტარის დატოვება