“ორ კვირაში სამუშაო ჯგუფი ისევ შეიკრიბება და ალტერნატიული წინადადებების განხილვა მოხდება“

სახელმწიფო საკონსტიტუსიო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი კონსტიტუციის მეორე თავის მუხლების პირველად განხილვებს განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სამუშაო ჯგუფის მიერ წინა სხდომებზე  განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო მუშაობის რეგლამენტი გააცნო.

„სამუშაო ჯგუფმა რამდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რომელზეც კონსტიტუციის პირველი და მეორე თავის ძირითადი ნაწილის და სახალხო დამცველის საკითხის განხილვა უკვე შედგა. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ გავდივართ ყველა საკითხს, ვუსმენთ მოსაზრებებს და შემდეგ როცა ამოვწურავთ პირველი ჯგუფის კომპეტენციების საკითხებს, როგორიცაა კონსტიტუციის პრეამბულა, პირველი, მეორე და სასამართლოს თავი, ასევე გარდამავალი და დასკვნითი დებულებები, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავდივართ დოკუმენტს, სადაც წარმოდგენილია ალტერნატივები და რედაქციები.  დაახლოებით ორ კვირაში აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ისევ შეიკრიბება, სადაც უკვე ალტერნატიული წინადადებების განხილვა მოხდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხდომის დასაწყისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი კონსტიტუციის 36-ე მუხლის განხილვის პროცედურით დაინტერესდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღნიშნული მუხლი, რომელიც ქორწინების საკითხებს არეგულირებს, სამუშაო ჯგუფის მომდევნო სხდომაზე ალტერნატიული წინადადებების განხილვით გაგრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებზე მუშაობას დაასრულებს. აღნიშნული თავი 35 მუხლს მოიცავს და იგი საქართველოს მოქალაქეობას, ადამიანის პირად ცხოვრებას, გამოხატვის თავისუფლება, სახალხო დამცველის საკითხებს და ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს შეეხება.