ჩვენთან ისე წამდაუწუმ დარბიან ელჩებთან, ცნობათა ბიურო ჰგონიათ…

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

მაიკლ ფლინი (ფოტოზე პუტინის გვერდით), ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დანიშვნიდან 3 კვირაში გადადგა.

ეს ფოტო და პოსტი მ.წ. 29 იანვარსაა გამოქვეყნებული.
არ ვიტყვი გული მიგრძნობდა ასე მალე დაამთავრებდა კარიერას-მეთქი, მაგრამ ფოტო ისე თვალშისაცემი იყო, რომ გვერდი ვერ ავუარე.

ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია, თუ როგორ იგეგმება პუტინის შეხვედრები, მიხვდება, რომ ერთ მაგიდასთან, მის გვერდით მოხვედრა, შემთხვევით არ ხდება. თვითონ “რაშა თუდეის” იუბილეზეც არ მოიწვევდნენ მტრულად განწყობილ პერსონებს.

ფლინის გადადგომის მიზეზად იქცა მისი საუბარი რუსეთის ელჩთან აშშ-ში, რაზეც მან საკუთარი ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩააყენა.

ფლინი ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ იმდენად სწრაფად ხდებოდა თანამდებობის გადაბარება, რომ ვიცე-პრეზიდენტის და სხვა პირების სათანადოდ ინფორმირება ვერ მოასწრო (იხ. მიმაგრებული ფოტო).

სხვათაშორის, იგივე მოსმენების თემას დავუკავშირებ. ელჩთან საუბარი დანაშაული არაა, თუ ხელმძღვანელობა საქმის კურსშია როგორც საუბრის, ასევე მისი შინაარსის შესახებ. სხვა შემთხვევაში ამტკიცეთ, რომ აქლემი არ ხართ. ჩვენთან ისე წამდაუწუმ დარბიან ელჩებთან, ცნობათა ბიურო ჰგონიათ.

ჩვენს ქვეყანაში ამ 25 წლის მანძლზე ასეთი “მსუბუქი” (სულაც არაა მსუბუქი, მიტომაა კლანჭებში, თუ ბრჭყალებში) ბრალდების გამო ვინმე გადამდგარა? არა, ბოლომდე იდავებენ არაა შავი, თეთრიაო.

მოკლედ, ტრამპის ადმინისტრაციამ პირველი დანაკარგი განიცადა,. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ისედაც დაბალი სასტარტო რეიტინგის პირობებში, ნამდვილად არაა სასიამოვნო ფაქტი.