ნიკა გვარამიამ სასამართლოს შენობა დატოვა

ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. პროცესი თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გამოკითხვას მოსამართლე, გამომძიებელი და გვარამიას ადვოკატები ესწრებოდნენ.

გამოკითხვის დაწყებამდე გვარამიამ განაცხადა, რომ მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი დიდი ხნის წინ არის წაშლილი, რადგან მისი შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა.

გვარამია ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე აძლევდა.

ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც, შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. იმავე დღეს შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.

წყარო: რუსთავი 2