„მე ვუცხადებ სოლიდარობას რუსთავი 2-ს – ნუ გაი-სუს-ებით!“

ნიკა მემანიშვილი

უფლებადამცველი

იმდენი მოახერხა ხელისუფლებამ, თითქმის მთელი საზოგადოება გახადა სოლიდარული რუსთავი 2-ს მიმართ. ეს ხდება მაშინ, როდესად ადამიანი უყურებს უსამართლობას, გიჩნდება პროტესტის გრძნობა და ცდილობ შესაძლებლობის ფარგლებში დაიცვა სიმართლე.

მე არ მინდა შევიდე ამ დავის სამართლებრივ შეფასებებში, უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. მთელი სახელისუფლებო მანქანა ყველა ხერხით ცდილობს ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2. თუ სიღრმისეულად დავუკვირდებით თვალნათლივ დავინახავთ ხელისუფლების მანკიერ მიდგომას მედიის მიმართ. ხელისუფლებამ ფაქტიურად მოაშთო განსხვავებული აზრის კერები, დახურა პოლიტიკური თოქშოუები, პირველი არხის მდგომარეობა აბსურდის თეატრს დაამსგავსა.

გაისუსნენ ისეთი ტელევიზიები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც კი თავისუფალი სიტყვის ფლაგმანად გვევლინებოდნენ, ნახეთ რას დაამსგავსეს “მაესტრო”, “კავკასია”, “იმედი”. ყველას არ დავასახელებ ესეც საკმარისია. მათი სარედაქციო პოლიტიკა სუსის კაბინეტებიდან იმართება.

ნუ გაისუსებით!!! რითი განსხვავდება წინა ხელისუფლების დროს და ეხლა მართული ტელევიზიები ერთმანეთისგან? ჩემთვის მორალური თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფრით. დღეს კიდევ უფრო ამაზრზენია ამის ყურება, იმიტომ რომ თავისუფალი მედია გარემოს მისაღწევად მართლაც დღე და ღამე ვიბრძოდით, როცა გვეგონა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყო, ვხედავთ რომ ეს ფურცელი უსწრაფესად ჭუჭყიანდება.

მე ვუცხადებ სოლიდარობას რუსთავი 2-ს. მხოლოდ იმიტომ, რომ ვთვლი ეს სამართლიანია. მორალისტებო, შეგიძლიათ თქვენი შეფასებები თქვენთვის შეინახოთ და განაგრძოთ ყველაფრის გაპრავება… თქვენზე ნაკლებად არ მისაუბრია მე ცხრა წელზე. ოღონდ მაშინ, როცა საჭირო იყო და არა ახლა როცა ამას უსამართლობების გადასაფარად იყენებთ.