იგრძნობა რევოლუციური ფონის შექმნის მცდელობა, ჩვენ ან ვითმენთ ან ეგრევე რევოლუცია გვსურს

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

საერთოდ ვცდილობ შიდა პოლიტიკას და მედიის საკითხებს ნაკლებად შევეხო, მაგრამ ორ ტელევიზიასთან, ასევე ზოგად პოლიტიკურ ფონთან დაკავშირებით გამოვხატავ საკუთარ დამოკიდებულებას.

1. ვერანაირად ვერ გავამართლებ “რუსთავი-2”-ს მაუწყებლობის შეჩერებას. ჩვენგან, სხვა პროფესიის მოქალაქეებისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს გაგაჩნიათ ეთერი, მიკროფონი, ტრიბუნა. ეს ტრიბუნა უნდა გამოიყენოთ.

თუ ჩინოვნიკზე ვამბობთ, რომ თმენის ვალდებულება აქვს, ჟურნალისტს ინფორმირების, ჟურნალისტობის ვალდებულება აქვს. ეკრანის გაშავება არ მიმაჩნია მართებულად. ხელისუფლებას რომ გაეთიშა, – გავამტყუნებდი.

მაუწყებლობის გათიშვის აუცილებლობა არ იყო.

2. რამდენიმე მოსაზრება მოვისმინე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაბალრეიტინგიანი გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით. საუბრობენ, რომ მხოლოდ რეიტინგით არ უნდა განისაზღვროს გადაცემის ხარისხიო.

აბა რითი უნდა განისაზღვროს? ურეიტინგო გადაცემამ უნდა ყვლიფოს ბიუჯეტი?

ძალიან კარგად მესმის, რომ საზმაუსს გარკვეული გადაცემების ვალდებულება აქვს, რომელთა თემატიკაა არაპოპულარული. ამ თემით სპეკულირება არასწორია. გინდათ თქვათ, რომ პოპულარულ თემებზე რეიტინგული გადაცემები კეთდება? არა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელევიზიაც რეიტინგული იქნებოდა.

ამინდის პროგნოზიც კი მიმზიდველი და საინტერესო უნდა იყოს და არა 70-იანების მოამბის დონეზე.

რა ქნას ახალმა დირექტორმა? დავუშვათ მაღლაფერიძე არა და ვინმე ჩვენთაგანი იქნება, თუ არაფერი დახურე, თუ განახლებები არ შეიტანე, მხოლოდ შენობის რემონტით და ახალი აღჭურვილობით გაიზრდება რეიტინგი?

ე.წ. ბორდის დანიშნულებასაც ვერ ვიგებ. წლების განმავლობაში ურეიტინგო ტელევიზიაა და რას “ბორდავენ”?

3. იგრძნობა რევოლუციური ფონის შექმნის მცდელობა. ჩვენ ან ვითმენთ, ან გამოვცვივდებით და ეგრევე რევოლუცია გვსურს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საარჩევნო ციკლების დარღვევა დაღუპავს საქართველოს. მაგალითების მოყვანით და ანალიზით არ გადაგღლით.

ჩვენ ვერ ვისწავლეთ ჩვენი აქტივობებით ხელისუფლებების მართვა. უნდა მივეჩვიოთ თემატურ, კონკრეტულ საპროტესტო აქციებს.

თუ გავავსეთ პარლამენტის წინა ტერიტორია და ქაშუეთს გადავწვდით, ეგრევე რევოლუციას ვითხოვთ.

უნდა ვმოქმედებდეთ ასე (მაგალითისთვის): საკონსტიტუციო სასამართლიმ ახლახან ახალი ჯიპის ყიდვის ტენდერი გამოაცხადა, უნდა მივიდეთ, დავდგეთ, სანამ ტენდერს არ გააუქმებენ. და ასე ყველაფერზე.

მოკლედ, ჩვენი დევიზი უნდა იყოს: “აქტიური საზოგადოება რევოლუციების გარეშე”.

კარგი იქნება ერთ-ორ ლიდერიანი პარტიები თუ შეელევიან უპერსპექტივო და ურეიტინგო პარტიებს და გამსხვილდებიან. ახალ არჩევნებამდე საკმარისი დროა.

ზიზღის და აუტანლობის ენა საქმიანი, პროფესიონალური, თემატური კრიტიკით და დისკუსიებით უნდა შევცვალოთ. კარგის აღიარება და სიხარულის გამოხატვა შევძლოთ, ცუდი გავაკრიტიკოთ და დავგმოთ.

დაძაბული ფონი უნდა განიმუხტოს. სხვაგვარად მოქმედება სახელმწიფოებრიობის და ქვეყნის საწინააღმდეგო იქნება.