„საქართველოს ჰყავს ბრძენი, ერზე მზრუნველი პატრიარქი… საკითხის აჟიტირება შედეგს არ მოგვცემს“

საპარიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ეხმიანება. განცხადებას საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ავრცელებს:

„საქართველოს და ქართულ ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უფრო რთული დღეებიც ჰქონია, თუმცა საქართველოს ეკლესია ყოველთვის რჩებოდა და მომავალშიც იქნება საქართველოს განუყოფლობის, რწმენისა და ერთიანობის გარანტად. საზოგადოება შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც მხოლოდ გამოძიების კომპეტენციას განეკუთვნება. დაუშვებელია ამ საკითხზე ვერსიები და განცხადებები კეთდებოდეს პოლტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ან თუნდაც საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან.

გაცილებით სწრაფად და სწორად იქნება შესაძლებელი კითხვებზე პასუხების მიღება, რაც ნაკლებად მოხდება საკითხის აჟიტირება. ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ამ შემთხვევის ობიექტური გამოძიება და კანონიერი რეაგირება წარმოადგენს. ყველა სხვა სახის მცდელობა საქმეს მხოლოდ დააზიანებს.

უფლის წყალობით საქართველოს ჰყავს ბრძენი, საქართველოზე და ქართველ ერზე მზრუნველი და ქართველი ერის საიმედო პატრიარქი, რომელიც სრულიად სამართლიანად საქართველოს მოსახლეობაში სარგებლობს ყველაზე დიდი ნდობით და ავტორიტეტით, რომლის ღვაწლიც შეუფასებელია. ამათანავე იწყება დიდმარხვის დღეები და საზოგადოებას მეტი თავშეკავება მოგვეთხოვება.

ამ დრომდე განცხადების გავრცელებისგან თავს შეგნებულად ვიკავებდით და გვსურდა, რომ ამ განცხადების გაკეთების საჭიროებაც არ ყოფილიყო, თუმცა შექმნილი ვითარება სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს.

ვიმედოვნებთ, რომ პატრიარქის მოწოდებისამებრ სამართალდამცავი ორგანოები საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაოებს განახორციელებენ და საზოგადოება მიიღებს სწორ და დასაბუთებულ ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაცვის მხარეს, კანონით დადგენილი თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე მიეცემა საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების საშუალება, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას“ – აღნიშნულია განცხადებაში.