სიახლე ტექნიკურ უნივერსიტეტში

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამა „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“ იხსნება.

ხვალ, 24 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით იხსნება სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამა „დამოუკიდებელი ყაზახეთი, ისტორია და თანამედროვეობა“.

სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამას გახსნიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი და ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, პროფესორი ერმუხამეტ ერტისბაევი.

როგორც, „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა, აღნიშნული სასწავლო სასერთიფიკატო პროგრამის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკის ისტორიაზე, ეკონომიკაზე და პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც არის  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა.