ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი ცვლილებებს გეგმავს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კახა გვანცელაძემ თემურ თორდინავა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 13 ნოემბერს დატოვა.

გვანცელაძე ამბობს, რომ მისი ამოცანაა, ბაღებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა.

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რა იქნება ჩემი პრიორიტეტები: პირველი ტიპის ამოცანა იქნება თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება ბაღებში, ახალი ბაღების მშენებლობა, ინკლუზიური განათლების ხეშეწყობა და ბაღების ინსტიტუციური განვითარება. დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. შესაბამისად, ყველა პრობლემაში გავერკვევი და კონკრეტულ გეგმებსა და ამოცანებს დავისახავ,”- განაცხადა გვანცელაძემ თბილისის მთავრობის სხდომის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ კახა გვანცელაძე დავით ნარმანიას მერობის დროს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.