“თავი შეიკავეთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან!..”

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკის გაყვანა დაიწყო, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს და აცხადებს, რომ არ შეესაბამება რეალობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამ თემასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

“აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო სამუშაოები, გარკვეული პაუზის შემდეგ, ორმხრივი კომისიის შემადგენლობის განახლებისთანავე გაგრძელდა. მორიგი შეხვედრა აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა და ის კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა, სრულ შესაბამისობაში საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან.

შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე.
საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის, წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში“ – აცხადებენ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.