“ვინაიდან თვალთმაქცობის გზას ირჩევთ”-ტიგინაშვილი საპატრიარქოს ადმინისტრაციას მიმართავს

გიორგი ტიგინაშვილი

პუბლიცისტი

არ შეიძლება, როცა პრეტენზია გაქვს იყო ყველაზე საპატივსაცემო, რეიტინგული და ავტორიტეტული ინსტიტუციის წარმომადგენელი და ამჟამინდელი ვნებათა ღელვისა თუ შექმნილი კრიზისის ფონზე, ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას პოზა დაიჭირო, “დიპლომატიურად” ყველა რიტორიკულ შეკითხვას თავი აარიდო, მესიანისტურ თუ ილუზორულ აღმავლობაზე უტიფრად ისაუბრო, სასულიერო პირთა ურთიერთ-მიმართების ჰარმონიაზე მიგვანიშნო, ღირსეული მდივანი (მამა მიქაელ ბოტოკოველი) იძულებული გახადო, რომ დატოვოს ოც წლიანი სტაჟის სამსახური და სახლში შეურაცხყოფილი წავიდეს, დაცვის უფროსი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით თურმე”არაკორექტულობაშია” შემჩნეული (მეც ბევრჯერ შემინიშნავს), მხოლოდ დღეს გადააყენო და იმავე თანამდებობაზე მისი მოადგილე და უახლოესი მეგობარი დანიშნო (…ჯამი არ იცვლება!), ბრალდებული დეკანოზის დანაშაულებრივი განზრახვის ვიდეოები, ანუ მტკიცებულებები ნახო (ზუსტად ვიცი რომ ნანახი აქვთ მთელს ადმინისტრაციაში დასაქმებულთ, იქ მცხოვრებთა და მომუშავეთ) და ვითომც არაფერიო თავი მოიკატუნო. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და სირცხვილი! ეს არის არასულიერი, სპეკულაციური და ანტისახელმწიფოებრივი საქციელი!

სანამ მავანი არ მიხვდება, რომ ეკლესიის წარმომადგენლობა უნდა იყოს ქრისტოცენტრული, არაიდეოლოგიზირებული, გულწრფელი, მოსიყვარულე, თავმდაბალი (არა ტყუილებით მძიმე სიმართლის შემფუთავი) და პატიოსანი, მანამდე არცერთ საკითხში სიცხადე, სიმართლე და ჭეშმარიტება არ იზეიმებს!

სისტემა და რეჟიმი, რომელიც კვლავინდებურად ოდიოზურ და ერთსა და იმავე კადრებზე ამყარებს იმედებს, ვერასოდეს ტრანსფორმირდება, ვერც განვითარდება, ვერც კათარზისის პერსპექტივამდე მივა და ვერც თავის ონტოლოგიურ ადგილს ვერ გაიაზრებს!

ვინაიდან თვალთმაქცობის გზას ირჩევთ, მე როგორც რიგითი მრევლის წევრი, ვალდებული ვარ შვილობრივად გაგაფრთხილოთ: საფლავი, როგორც არ უნდა შეალამაზოთ, სიმყრალეს მაინც ვერ გააქრობთ! უთხარით ხმამაღალი, აღიარებითი არა ფარისებლობასა თუ სადუკევლობას, უარყავით პირადი მერკანტილიზმის ინტერესები და დააბრუნეთ ეკლესიის თავად იესო ქრისტე!

შეინანეთ წლების მანძილზე გამოჩენილი: ყრუ დუმილი – მკაცრი ჩაკეტილობა – მოიერიშე დომინანტობა! გაემიჯნეთ ფუფუნებას, განცხრომასა და სიყალბეს! და ისე ნუ იზამთ, რომ უანგარო და ერთგული შვილებიც სამუდამოდ ვდისტანცირდეთ თქვენგან.

ჩემი მიმართება ეკუთვნის ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი იმათ, რომელნიც უმთავრესად პასუხისმგებელნი არიან, თავიანთი წოდებების მიხედვით, უფრო რელევანტური თუ წესიერი პოზიციები ჰქონდეთ და მიკიბულ-მოკიბულისა და ფლიდური მსჯელობის მაგივრად გამჭვირვალენი და გახსნილნი იყვნენ.

ზნეობრივი, ინტელექტუალი, ერუდირებული და სულიერი ადამიანები, ამ პირობებში სატანჯველს გრძნობენ და არა ღვთივბოძებულ თავისუფლებას. ისინი ვერ ინტეგრირდებიან და ვერ რეალიზდებიან ასეთ დახუთულობაში და ესეც თქვენსავე კისერზეა საუბედუროდ.

გახსოვდეთ: პრობლემათა მიჩქმალვა, უკეთურების დაფარვა და ტყუილი თავის მართლება, სიტუაციას ვერ უშველის! ცხადია, ვერც ტელეეკრანებიდან ცინიკურ-ნაცისტური მხილება და ვერც მუქარა ამ მდგომარეობას ვერ უმკურნალებს!

რაც დათესეთ, იმას იმკით! ღვარძლი და სარეველა მოგყავდათ და ხორბალს უპატიოდ ალპობდით, რამაც შედეგად უმძიმესი მოცემულობა მოგვიტანა, რომლის მოგვარების გზებსაც, ამ ფორმაციის ადმინისტრაციული რესურსით თითქმის ვეღარ ვხედავ, სამწუხაროდ.

გულისტკივილითა და წუხილით, მუდამ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი და მისი მორჩილი