სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების საკომიტეტო მოსმენები

სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე საკომიტეტო მოსმენები დასრულდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის საფუძველზე პარლამენტის დადგენილებით მომზადებულ რეკომენდაციების შესრულებაზე, საკომიტეტო მოსმენები დაასრულა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა, სახალხო დამცველმა და მისმა აპარატმა, ექვსი სამინისტროს ინფორმაცია მოისმინეს და რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის დადგენილებით, ყველაზე მეტი რეკომენდაციით მიემართა. მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ უწყების მისამართით მომზადებულ 70-მდე რეკომენდაციის შესრულებაზე ვრცელი ანგარიში წარმოადგინა. სამინისტროს საქმიანობიდან გამომდინარე, უწყების მისამართით გაგზავნილი რეკომენდაციები როგორც სოციალურ და დაზღვევის საკითხებს, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობას, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სოციალური მუშაკის ჩართულობის გაზრდას, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების სტანდარტების დანერგვას, არასრულწლოვან და ფსიქიკურ პაციენტთა უფლებების დაცვას და შშმ პირთა და ხანდაზმულთა პრობლემებზე დროულ რეაგირებას შეეხებოდა. მინისტრის მოადგილემ თავის ანგარიშში სამინისტროს მიერ უკვე შესრულებულ და მიმდინარე რეკომენდაციებზე ისაუბრა და დამატებით შეკიტხვებსაც უპასუხა.

პარლამენტის დადგენილებით პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს შესახებ პირობის გაუქმების, სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანის და დათხოვნის მიზეზების განმარტების უზრუნველყოფის და სამხედრო მოსამსახურისთვის ბინის გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის რეკომენდაციებით თავდაცვის სამინისტროს მიემართა. მათი შესრულების ანგარიშზე მოხსენება მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა წარმოადგინა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე კი, მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ ისაუბრა.

მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მომზადდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის, რომელიც თბილისის სომხურ და აზერბაიჯანულ თეატრების რეაბილიტაციების მოკლე ვადაში დასრულებას შეეხებოდა. მინისტრის მოადგილის, გიორგი ბაქრაძის ინფორმაციით, თეატრების რეაბილიტაციისთვის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზები ჩაუტარდა და ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოეწყო. აღინიშნა, რომ რეაბილიტაციის გაგრძელება და რემონტის დასრულება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, რაც კომპლექსურ ღონისძიებებს და სხვადასხვა უწყების ერთობლივ მოქმედებებს საჭიროებს.

მთავარი პროკურატურის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, რეკომენდაციების შესასრულებლად 2016 წელს პროკურატურამ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა , რათა რეკომენდაციებში მოყვანილ ფაქტებზე, დროული და ქმედითი რეაგირება მომხდარიყო. „მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან, რაც გამოიხატება როგორც ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციების და წინადადებების შესრულებაში“, – აღნიშნა გიორგი გოგაძემ. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მთავარ პროკურატურას 19 რეკომენდაციით მიემართა, რომლიდანაც 16 რეკომენდაცია სრულად იქნა შესრულებული, ხოლო იმ 3 რეკომენდაციაზე, რომელიც უწყებამ არ განახორციელა, სახალხო დამცველს დასაბუტებული პასუხი გაეცა.

პარლამენტის დადგენილებით მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის განხილვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშის გაცნობით დასრულდა. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა წარმოადგინა.
სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მომხსენებლებს და სახალხო დამცველის აპარატს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აპრილის დასაწყისში ახალი ანგარიშის წარდგენისთვის უჩა ნანუაშვილი საქართველოს პარლამენტში მოიწვია.