ლევან ჩაჩუა: დავით აღმაშენებელი და სხვა ბაგრატიონი მეფეები ებრაელები იყვნენ

„ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა ამბობს, რომ მეფე დავით აღმაშენებელი  ზუსტად 78-ე შთამომავალი იყო ისრაელის წმ. მეფის დავით მეფსალმუნის და  „ქართლის ცხოვრებაში“ ყველა მათგანის სახელობითი მონაცემებია.

„მე მეამაყება, რომ საქართველოს წმ. აშოტ კურაპალატის, წმ. ბაგრატ III-ის, წმ. დავით აღმაშენებლის, თამარის, ქეთევანის და მრავალი სხვა მსგავსი ღირსეული მეფე-დედოფლები ჰყავდა…იმის გამო, რომ ისინი ეთნიკური ქართველები არ იყვნენ, მე ღმერთმა დამიფაროს, რომ მათ დიდ ქართველობაში ეჭვი შევიტანო…“

ლევან ჩაჩუას ეს კომენტარები იმ კომენტარებს მოჰყვა, რომლებიც მისი პოსტის ქვეშ მრავლად დაიწერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანთა ნაწილი სრულად ეთანხმება მის აზრს, ნაწილში კი დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

საქმე იმაშია, რომ ლევან ჩაჩუამ სტატუსად დაწერა:

„მე ქართველი ვარ!
მე ქ ა რ თ ვ ე ლ ი ვარ! 
მ ე ქართველი ვარ! – ეს ძარღვიანი სიტყვები უნდა იქცეს ჩვენი სულიერების, ცნობიერებისა და მიწა-წყლის დაცვისათვის სამართლიანი ბრძოლის დევიზად!

მხოლოდ ეთნიკური ქართველის მოაზრება როდი შეიძლება ამ სიტყვების ქვეშ?! 
ვინ იყვნენ უფრო დიდი ქართველები ვიდრე: – წმ. მირიან მეფე (სპარსი); წმ. ნანა დედოფალი (ბერძენი); წმ. აბო თბილელი (არაბი); წმ. შუშანიკ დედოფალი (სომეხი); ბაგრატოვანი წმ. მეფე-დედოფლები (ტომით ებრაელნი)… რომელი ეთნიკური ქართველი გაბედავს და იტყვის მათზე დიდი ქართველი ვარო?!

ეს გახლავთ – ,,ქართული იდეა”! 
იდეა, რომლისთვისაც ორგანულია ღვთისა და მოყვასის სიყვარული და უცხოა ეთნიკური ,,ნაციონალიზმი”…

და კიდევ ერთხელ შევძახებ ომახიანად: 
მე ქართველი ვარ!!!“

როგორც ირკვევა საზოგადოება განსაკუთრებით გააღიზიანა იმან, რომ ჩაჩუამ ქართველი მეფეები ეთნიკურად არაქართველებად მოიხსენია.

-„ იმის გამო, რომ ისინი ეთნიკური ქართველები არ იყვნენ, მე ღმერთმა დამიფაროს, რომ მათ დიდ ქართველობაში ეჭვი შევიტანო…“-წერს ჩაჩუა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ამის გასარკვევად ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და ყველას ერთი კითხვა დავუსვით.

-„ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ დავით აღმაშენებელი და სხვა ქართველი ბაგრატოვანი მეფეები ეთნიკური ებრაელები იყვნენ. ის მის ნათქვამს „ქართლის ცხოვრებით ამყარებს. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე-როგორ აღიქვამთ ამ მოსაზრებას და რას იტყვით როგორც ისტორიაში ჩახედული ადამიანი?

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

-„ არ ვიცი რამდენად აქტუალურია ეს საკითხი ან რამდენად გონივრულია ასეთი რთული და მგრძნობიარე თემების შემოტანა ისეთ დროს,როცა საზოგადოება ისედაც გაღიზიანებულია.

რაც შეეხება საკუთრივ ბაგრატიონების გენეტიკურ წარმომავლობას. ბაგრატიონები თავის წინაპრად დავით მეფსალმუნეს თვლიან. არსებობს სხვადასხვა შეხედულებები ამ ვერსიის შესახებ. არც ერთი ვერსია არ არის ბოლომდე დასაბუთებული მეცნიერულად, ამიტომაც რჩება ფართო ველი სუბიექტური შეხედულებებისა და სპეკულაციებისათვის.

ყურს ნამდვილად არ ხვდება კარგად და ეს სრულიად ლოგიკურია. დინასტიები თავის უფლებებს მეფობაზე ღმერთის ნებით ხსნიდნენ, ამიტომ მეფეთა გენეზისის რომელიმე ეთნოსზე “გაპიროვნება” ბუნებრივად გაღიზიანებას იწვევს“.

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-„ერთის მხრივ მახსოვს რომ სუმბატ დავითისზის თეორია იყო, ანუ ესაა უბრალო ჰიპოთეზა, მესიანისტური მიდგომა რომელივ ვერ გამოდგება დამადასტურებელ, უტყუარ წყაროდ, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ამ შეხედულების ავტორიც გვარად ბაგრატიონია და შესაბამისად კერძო ინტერესის კვალიც ემჩნება, რადგან მისთვის ამ შტოს და დინასტიის საკრალიზაცია თუ იდეალიზაცია ემსახურებოდა მათი რენომეს ამაღლებას და წარმომავლობის უფრო აღმატებით ხარისხში იდენტიფიცირებას.

ზოგადად კი, მსგავსი ტიპის სპეკულაციები ძირითათად ანტიქართული, ექსპანსიური და ასიმილაციური ტალღის საბჭოთა რუდიმენტია.

თემურ შაშიაშვილი

„ქართული ერთობის დარბაზი“

-„საკმარისია,რასაც უკეთებენ ეკლესიას…ამ ეტაპზე,ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის მთავარი უნდა იყოს დედა-ეკლესიის დაცვა ამ უღმერთოებისაგან…ეს ქვეყნის,დედა-სამშობლოს გადარჩენაც იქნება… კარგი იქნება,თუ ქვეყნისთვის ამ მძიმე ჟამს,მის ერზთ დიდ საყრდენს და მართმადიდებლობის დიდ კედელს,ბაგრატოვანთა გვარს და დინასტიას თუ არ შევაწუხებთ….ქვეყანას მშვიდობა სჭირდება და არა სიმშვიდის დარღვევის კიდევ ერთი დისკუსია..

 

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“

-“ძალიან სამწუხაროა, ასეც რომ იყოს ასეთ რამეს არც ერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი საკუთარ საამაყო მეფეებზე არ იტყვის, მითუმეტეს, რომ ეს ასე არ არის. დავითიც, თამარიც, გიორგი ბრწყინვალეც, ერეკლე მეორეც და სხვა ქართველი მეფეები ქართველები იყვნენ! ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს, მესხეთის ერთ-ერთი პროვინციის, სპერის მკვიდრნი იყვნენ. მართალია ბაგრატიონთა ებრაული წარმომავლობის თეორიას ზოგიერთი ქართველი მემატიანე უჭერდა მხარს, მაგრამ მათი ეს პოზიცია ადვილი ასახსნელია, ისინი ცდილობდნენ ამით სამეფო ტახტზე ბაგრატიონების უპირატესობა წარმოეჩინათ.

ბოლოს ისევ ლევან ჩაჩუას დავუკავშირდით.

-რა არის რუსული იდეა, ის, რომ ეთნიკურად არაქართველი, მაგრამ ყველაზე დიდი ქართველები იყვნენ ჩვენი წმინდა წინაპრები?! დიახ, მე მათ ჩემს წინაპრებად ვაღიარებ და ვეთაყვანები… მტერი ბევრი გამოჩნდება, მაგრამ ჩვენ ისეთი დიდი საქმისთვის გვაქვს ხელი მოკიდებული, რომ მათ ყეფას ყური არ უნდა ვათხოვოთ“-განაცხადა „ქართული იდეის“ ლიდერმა.