ნიკა მაჭუტაძე: მთავარ პოლიტიკურ კითხვაზე – ოლიგარქია თუ ევროპა? უნდა გავცეთ სწორი პასუხი – სანამ დროა გადადგით ნაბიჯები და შეასრულეთ ევროპის პარლამენტის და ევროპული ინსტიტუტების მოთხოვნები“

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ ხელისუფლებას ბრიუსელიდან მიღებული გზავნილების შესრულებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს წინაშე კვლავაც არჩევანია. არჩევანი არა ბუნებრივი და ორგანული, არამედ სრულიად ხელოვნური და თავს მოხვეული. იმიტომ, რომ დილემა როგორც ასეთი, არჩევანის შესაძლებლობა და შანსი საქართველო უნდა იყოს დასავლეთში, თუ სადმე სხვაგან, არასდროს მდგარა ქართული პოლიტიკური სახელმწიფოებრივი, კულტურული აზრის წინაშე. 2000 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა და ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველ ჯერზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, რომ დიახ საქართველო არის ევროპა. საქართველოს მთავარი პოლიტიკური და კულტურული შინაარსი, მისი იდენტობა, მისი ვინაობა არის დასავლურობა, ევროპულობა და არაფერი სხვა. ახლა კი არის არჩევანი, გამომდინარე იმ ვაებისაგან და უბედურებისაგან, რაც საქართველოში მის პოლიტიკური სხეულის შიგნით არსებობს და ეს არჩევანი ჟღერს საერთაშორისო ტრიბუნებიდან. საქართველო არ არსებობს და არც არსებულა ევროპული ფორმისა და შინაარსის გარეშე. ევროპულობა და დასავლეთი არის მისი მთავარი შინაარსი, საქართველოს შინაარსის წართმევა, არის ის, რომ ჩვენ შევფერხდეთ, წავიბორძიკოთ და გამოვტოვოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მთავარ პოლიტიკურ კითხვას – ოლიგარქია თუ ევროპა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ სწორი პასუხი გასცეს.

„მთავარ პოლიტიკურ კითხვაზე – ოლიგარქია თუ საქართველო?, ოლიგარქია თუ ევროპა?, ოლიგარქია თუ დასავლეთი?, ოლიგარქია თუ თავისუფლება?, უნდა გავცეთ სწორი პასუხი, როგორც საზოგადოებამ, როგორც სახელმწიფომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, როგორც ცალკეულმა ადამიანებმა, როგორც ცალკეულმა ერმა, როგორც პოლიტიკურმა პიროვნებამ და პოლიტიკურმა სხეულმა. სანამ დროა გადადგით ნაბიჯები და შეასრულეთ ქართული საზოგადოების მოთხოვნები, იმ მოთხოვნების თანმხვედრი მოთხოვნები, რომლებიც ევროპის პარლამენტიდან და ევროპული ინსტიტუტებიდან გაჟღერდა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password