“იანვარი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით”

-“ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ წელს,  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარი იყო ძალიან წარმატებული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის იანვარის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს გამოეხმაურა და მას პოზიტიური შედეგი უწოდა.

„იანვარი იყო ძალიან წარმატებული. 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს ჩვენ ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად,  ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, დღგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი, 33 %–ით არის გაზრდილი ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. ბევრი დადებითი პარამეტრია– გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლები. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს,  – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.